შესაძლებელია თუ არა ფასტ ფუდით წონის დაკლება





პიცა, ბურგერი, შოკოლადი, ჩიფსი –– ეს იმ საჭმელების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც გეუბნებიან, რომ თუ წონის დაკლება გვინდა, არ უნდა გავეკაროთ. შესაბამისად, თუ ვერ მოვითმინეთ და შემოგვეჭმება, ვნერვიულობთ, რომ დიეტა დავარღვიეთ. თუმცა, ერთ-ერთი დიეტოლოგის, გრეიმ თომლინსონის აზრით, სავსებით შესაძლებელია მივირთვათ ყველაფერი, რაც გაგვიხარდება და ამის მიუხედავად, მაინც დავიკლოთ წონა.



დიეტოლოგი მიიჩნევს, რომ წონის დაკლების "საიდუმლო" კალორიულ დეფიციტშია და არა - აუცილებლად ჯანსაღ საჭმელში. კალორიული დეფიციტი ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში იმაზე ნაკლები კალორია მივიღოთ, ვიდრე ვხარჯავთ. მისი საპირისპირო რამ არის კალორიების სიჭარბე, რა დროსაც ადამიანი, პირიქით, მოიმატებს წონას. კალორიული დეფიციტი ერთადერთი მეცნიერული გზაა წონის დასაკლებად.



ყველა დიეტა, რომელის აქამდე გინახავთ ან მომავალში ნახავთ, კალორიულ დეფიციტს ქმნის და ამ გზით აკლებინებს ადამიანს წონას. თუმცა ამ დიეტების პრობლემა ისაა, რომ ადამიანს საჭმელების არჩევანს უზღუდავს, სტრესში ამყოფებს და არასწორ წარმოდგენას უქმნის იმასთან დაკავშირებით, თუ რისი ჭამა შეიძლება და რისი - არა.






ამის სადემონსტრაციოდ, დიეტოლოგი სხვადასხვა საკვებსა და სასმელს ადარებს კალორიუობის მიხედვით. მაგალითად, თხილიანი იოგურტი, რომელიც კლასიკურად დიეტურ ხემსს წარმოადგენს, მეტ კალორიას შეიძლება შეიცავდეს, ვიდრე შოკოლადი კიტ-კეტი, ან მწვანე სმუზის მეტი კალორია ჰქონდეს, ვიდრე იგივე მოცულობის კოკა-კოლას.


რა თქმა უნდა, ამ ყველაფრიდან ის არ გამომდინარეობს, რომ ფასთ ფუდი, შოკოლადები და გაზიანი სასმელები ჩვენთვის ბოსტნეულსა და ხილზე სასარგებლოა. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ წონის დასაკლებად სერიოზულ სტრესში ყოფნა, ყოველთვის უგემური საკვების ჭამა და ჩვენი რაციონის მნიშვნელოვნად შეზღუდვა არ არის საჭირო და არც იმით დაშავდება რამე, ხანდახან ნაკლებად სასარგებლო საჭმელზე თუ შევაჩერებთ არჩევანს და ჩვენს თავს სიამოვნების მიღების უფლებას მივცემთ.











809 views