ზედმეტი შიმშილი წონის დაკლებაში გვიშლის ხელს





როდესაც ადამიანებს წონაში დაკლება სურთ, მათ უმეტესად უნდათ, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ხანდახან დაკლების სურვილი იმდენად მძლავრია, რომ ისინი რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ძალიან მკაცრი დიეტების დაცვას იწყებენ. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ დღიურად მიღებული კალორიების ზედმეტად შემცირებამ შესაძლოა დაკლების მცდელობა წყალში ჩაგვიყაროს.


ყველაზე ეფექტური გზა წონის დასაკლებად იმაზე ნაკლები კალორიის მიღებაა, ვიდრე ვხარჯავთ, კალორიული დეფიციტის შექმნით. რაღა თქმა უნდა, კალორიული დეფიციტი ზედმეტად დიდი არ უნდა იყოს, რადგან ამ დროს ჩვენი სხეული შიმშილის რეჟიმზე გადადის და ცხიმების "შენახვას" იწყებს, ვინაიდან "ფიქრობს", რომ საკვებს ვერ მიიღებს და მარაგი დასჭირდება.


როდესაც სხეული შიმშილის რეჟიმზეა, ნელდება მეტაბოლიზმი და კალორიების წვა დაბალი ტემპით მიმდინარეობს. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები, რომლებიც ზედმეტად მკაცრ დიეტას იცავენ, საბოლოოდ წყვეტენ წონაში კლებას და ერთ წონაზე "იჭედებიან".




კალორიების რადიკალური შემცირება შესაძლოა მანკიერი წრის დასაწყისი იყოს: როდესაც ცოტა კალორიას ვიღებთ, ნელდება მეტაბოლიზმი და ვწყვეტთ კლებას, შემდეგ გვეშლება ნერვები და მეორე უკიდურესობაში ვვარდებით ზედმეტი ჭამით, ამას კი, ბუნებრივია, წონის მატებამდე მივყავართ.


მკაცრ დიეტებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც ახლავს თან. ამ დროს იზრდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორებიცაა:


  • არანორმალურად დაბალი წნევა 

  • გულის არითმია

  • ელექტროლიტების დისბალანსი

  • ნაღვლოვანი კენჭები

  • თმის ცვენა

  • მტვრევადი ფრჩხილები 

  • მენსტრუალური ციკლის დაკარგვა ქალების შემთხვევაში

  • მთელ სხეულზე თმიანობის ზრდა

  • თავბრუსხვევა

  • კონცენტრაციის სირთულე

  • ანემია

  • სახსრების შეშუპება

  • სუსტი ძვლები

  • დეპრესია


უნდა გვახსოვდეს, რომ კალორიები ჩვენი მტერი არაა. ის ჯანსაღი და ენეგიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენს ორგანიზმს კარგად ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება. ხოლო იმ დიეტების შედეგად, რომლებიც ზედმეტად ცოტა კალორიის მიღებას გვაიძულებენ, უსიცოცხლოები და უენერგიოები ვხდებით და მისი "დარღვევაც" ხშირად ლოგიკური გამოსავალია.




მკაცრი დიეტის ნაცვლად, აჯობებს თუ რაციონალურად მივუდგებით ამ საკითს, მივიღებთ ადეკვატური რაოდენობის კალორიებს, ვივარჯიშებთ და წონას ნელ-ნელა (კვირაში არაუმეტეს 600-900 გრამისა) და სტაბილურად დავიკლებთ. უკვე ბევრმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ტემპით იკლებენ წონას, ამავდროულად მიირთმევენ უფრო ჯანსაღ საკვებს, ამცირებენ ულუფას და ვარჯიშობენ, წონის შენარჩუნების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.


შეადგინეთ გეგმა, რომლის შესრულებასაც თავისუფლად შეძლებთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ჩვევები დანერგეთ და მიჰყევით მათ არა განსაზღვრული ვადით, არამედ – სულ. თუ ხანდახან გეგმისთვის მიყოლას ვერ შეძლებთ, გახსოვდეთ, რომ ამით არაფერი დაშავდება. მთავარია, ჩვევებს თავი არ დავანებოთ და ჩვენი დღის ნაწილად ვაქციოთ.





55 views